Menu

ქუთაისის საიმიჯო ტურისტული ლოგო თუ ბაგა-ბაღის აბრა?!.

ქუთაისის საიმიჯო ტურისტული ლოგო თუ ბაგა-ბაღის აბრა?!.

"სულ უფრო ვრწმუნდებოდი, აუცილებელია ადამიანს გაგანჩდეს ერთი სავსებით ჩვეულებრივი რამ - გემოვნება“
ვაცლავ ჰაველი.    


ლოგო(ლოგოტიპი) არის კომპანიების, ბრენდების, ქვეყნების, ქალაქების უნიკალური გრაფიკული ნიშანი. მას  იყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, კომერციული კორპორაციები და ინდივიდუალური პიროვნებებიც კი.

სიტყვა ‘’ლოგო’’ გაჩნდა მეცხრამეტე საუკუნეში, თავდაპირველად სიტყვის ” სინონიმი ”ლიგატურა” იყო და წარმოადგენდა ტოპოგრაფიული შრიფტის ორი ან სამი ასოს გაერთიანებას. დღეს ლოგო  შედგება გრაფიკული გამოსახულებისაგან ან გაფორმებული, დასახელების შემადგენელი ასოებისაგან. შესაბამისად, არსებობს  ორი სახის: გრაფიკული და ტექსტური ლოგო (ლოგოტიპი).

ლოგო ორიგინალურად,  ლაკონურად და პოეტურად (დიახ, პოეტურად) აცნობს ამა თუ იმ  კომპანიას, საქონელს, ორგანიზაციას, ქალაქს  და ა.შ.  საზოგადოებას. ამბობენ, რომ ლოგო ბრენდის ხელმოწერაა, რომელიც მუდმივად რჩება მომხმარების ცნობიერებაში.
 პოეტურობაცაა და პოეტურობაც, ქართველებს რომ ყველაფერი ზედმეტი გვიყვარს, ცნობილი ფაქტია (არა, დამტკიცებით არავის დაუმტკიცებია, მაგრამ ამბობენ ხოლმე). ზედმეტობა რომ უგემოვნობის პირველი საფეხურია, ესეც ცნობილი ფაქტია (ესეც ერთ-ერთი აქსიომაა). პოეტურობა, ფერადოვნება და ზედმეტობა იქეთ იყოს და თითქმის ყველა ქვეყანასა და ქალაქს გააჩნია საკუთარი ლოგო, რომელიც მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე ფართოდაა გავრცელებული და  სხვა ქვეყნის მოქალაქეების თვალში ამა თუ იმ ქვეყნის (ქალაქის) იმიჯს ქმნის. მაგალითად, ნიუ-იორკის ლოგოტიპი სამი ასოსგან შედგება NYC (New York City), ასო N-ში ნიუ იორკის ღამის ვარსკვლავიანი ცა და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა, Empire State Building ჩანს, ხოლო ბოლო ასოში (C) მეგაპოლისის მთავარი სიმბოლო თავისუფლების ქანდაკება. შესაბამისად, ნიუ-იორკის ლოგოს ერთი შეხედვისთანავე შეუძლია ჩვენს წარმოსახვაში ქალაქის ცნობილი ფოტოსურათები გააცოცხლოს, ამავდროულად მარტივია და ადვილად დასამახსოვრებელი.
 სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში არსებობს უამრავი წარუმატებელი ლოგოც. მსგავსი წარუმატებლობა ხშირად უგემოვნობის ბრალია და არა მცირე ბიუჯეტის (როგორც მავანნი ამბობენ). დაახლოებით საუკუნის წინ, როდესაც გენიალური კოკა-კოლა (რომლის რეკლამებიც ჟანრის კლასიკად ითვლება) ბიზნესს იწყებდა, კომპანიის მესვეურებს სულაც არ ჰქონდათ მილიონი დოლარი, თუმცა, კრეატიული ადამიანების წყალობით, მათ შეძლეს მსოფლიოში ყველაზე დასამახსოვრებელი ასოების შექმნა. კოკა-კოლა იქეთ იყოს და გაზიან სასმელზე გაცილებით მნიშვნელოვანი ქალაქის და ქვეყნის ლოგოა, ვინაიდან, სწორედ ის თამაშობს ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ტურისტების მოზიდვაში. თუ ლოგო ისეთივე გაუგებარია რიგითი მოქალაქისათვის, როგორც იაპონური კროსვორდები, ნაკლებია შანსი, რომ საბრალო რიგითი ტურისტი ქალაქი (ქვეყნით) დაინტერესდეს. თუკი ლოგო 12 სხვადასხვა ფერსა და ფარშევანგის კუდში ჩახატულ 8 სხვადასხვა გამოსახულებას შეიცავს,  თუკი  შორს არის კლასიკური კონცეფციისაგან , თუკი  ბაგა-ბაღის კარზე გაკრულ ტრაფარეტს ან ოლიმპიური სოფლისთვის შექმნილ ბანერს ჰგავს, ამ შემთხვევაში დაბნეული ტურისტები არც კი  ეცდებიან ამოხსნან კროსვორდი.

ქუთაისის ახალ ტურისტულ ლოგოს,რომელიც სავარაუდოდ ვინმე დაწყებით კლასელმა გაკვეთილების შემდეგ სამეცადინო მაგიდაზე, Paint-ში შექმნა არც ფარშევანგი აკლია, არც “პეროები’’ არც ცისარტყელას ფერები და დინოზავრიც ამაყად ყელყელაობს ერთ-ერთ ფრთაში. ხალხის მიერ ხან ნაყინად, ხანაც ფარშევანგად და აღქმული ფერადკუდიანი არსება, სინამდვილეში გვირილა ყოფილა, თუმცა, ალბათ  ავტორი სიურეალისტი მხატვრების თაყვანისმცემელია და სწორედ ამიტომ მიანდო საკუთარი ნამუშევრის ახსნა საზოგადოებას. ასევე, მისტიური და ამოუხსნელია ეგრეთ წოდებული ნაყინ-ფარშევანგი-გვირილის ობლად დატოვებული ბოლო ფრთა.  ავტორმა, სავარაუდოდ  რიგით ადამიანებზე იზრუნა და უფლება მისცა, მათივე სურვილისამებრ ქუთაისის მერვე საოცრება აერჩიათ. ასარჩევი კი ბევრია: ბიკენტიას საქაბაბე, ნახევრად დამწვარი შენობები, იზაიას საროსკიპო, ხეებსშემოხვეული ფერადი პოლიეთილენის პარკები ქალაქის გარეუბნებში...

ქუთაისის ტურისტული ლოგო სულ რაღაც 900 ლარი დაჯდა. ფაქტი როგორც ასეთი ძალიან კარგია მაგრამ, ქალაქის ყველაზე გემოვნებიანი პირები მწუხარებით იტყობინებიან, რომ არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის მოუწიათ. როგორც აღმოჩნდა, ხმა ყველამ უარესს მისცა.  არჩევისას , რა თქმა უნდა, არავინ გაითვალისწინა ქალაქის რიგით მოკვდავთა აზრი, რადგან, ალბათ გემოვნებას აკვანს ქუთაისში მხოლოდ სამთავრობო შენობებში ურწევენ.

გემოვნება ორგვარად განიმარტება: პირველი - გემოს აღქმის უნარი, მეორე - სილამაზის ესთეტიური აღქმის უნარი. თუმცა, ქუთაისის ლოგოს  გასაჯაროვების შემდეგ მას მესამე განმარტებაც შეგვიძლია დავუმატოთ: გემოვნება, როგორც საზოგადოების დასანახავად ან მოვალეობის მოხდის მიზნით არსებული უნარი. სტატიის ბოლოს კი, მაგალითისთვის თუ როგორი შეიძლება იყოს საინტერესო, დასამახსოვრებელი და კრეატიული ლოგო, ადგილობრივ ნიმუშს მოვიყვან: ზღვისპირა ქალაქის, ბათუმის ლოგო მარტივი და საინტერესოა - ავტორის წარმოსახვაში ლურჯი ზღვის ფონზე პალმის ფოთლის ფორმის ფიგურიდან რომელსაც გულის ფორმაც აქვს, ცისკენ აფრენილი თოლიები აშლილან, ლოგო რომელზედაც ერთნაირად შეიძლება ლათინური და ქართული ასოებით დაწერო სიტყვა „ბათუმი“...

იტყვიან - ქუთაისი მეტია ვიდრე თოლიები, პალმა და ზღვაო. დიახ, მეტია, მაგრამ არც ის წარმოადგენს აუცილებლობას საქართველოს ყველაზე ძველი, ყველაზე თბილი, ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქის ათიათასწლოვანი ისტორია ისე მივაწოდოთ მსოფლიოს, რომ მთელი ამ ფერადი არეულობიდან ვერაფერი გაიგონ ქალაქის , მისი ისტორიისა , წარსულის, აწყმოსა და მომავლის შესახებ...

სხვა ქალაქების ლოგოები იხილეთ ქვევით:

ავტორი:  შორენა ლაღაძე

ზემოთ


Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 652

Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 654