ახალი ამბები
განათლება
სკოლა - ხელისუფლების რეფორმათა მუზა | სკოლა - ხელისუფლების რეფორმათა მუზა |
|
|
|
სკოლამ მოზარდის ჩამოყალიბებაში რომ დიდი წვლილი უნდა შეიტანოს, ამაზე აღარავინ დავობს. თითქმის მარადიული სამკუთხედი - ოჯახი, სკოლა, საზოგადოება - საბოლოო ჯამში, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების ადამიანს უნდა აყალიბებდეს.
სკოლამ მოზარდის ჩამოყალიბებაში რომ დიდი წვლილი უნდა შეიტანოს, ამაზე აღარავინ დავობს. თითქმის მარადიული სამკუთხედი - ოჯახი, სკოლა, საზოგადოება - საბოლოო ჯამში, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების ადამიანს უნდა აყალიბებდეს. თუმცა, ამ სამიდან თუ ერთმა მაინც შეძლო დაკისრებული მისიის შესრულება, გარკვეული შედეგის მიღება უკვე შეიძლება. ამ სამიდან თუ ოჯახი ძალიან კონკრეტულია, ხოლო საზოგადოება - ძალიან ზოგადი და მათი რეფორმირება ფურცელზე გაწერილი წინასწარი გეგმით შეუძლებელია, სკოლა მათ შორის გარდამავალი რგოლია, ხელისუფლებისთვის - რეფორმების მუზა. როცა სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები იკრიბებიან, ისინი ერთხმად აღიარებენ, რომ სამოქალაქო თვითშეგნება ჩვენი საზოგადოების დიდი და, ჯერჯერობით, დაუძლეველი პრობლემაა, ხოლო როცა იქვე ეძებენ, პრობლემის გადაჭრის გზას, ერთხმად თანხმდებიან, რომ სკოლამ საკუთარ თავზე, განათლების მიცემის გარდა, კიდევ „სხვა რამეებიც" უნდა აიღოს. დღესდღეობით, სკოლას მთავარი ფუნქციის შესრულებაც უჭირს, მხოლოდ სკოლაში მიღებული განათლებით ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ნაკლებად რისკავენ, და, საერთოდ, თუ ძალიან რეალისტურად გადავხედავთ სკოლაში მიმდინარე პროცესებს, სიტუაცია არცთუ სახარბიელოა. სწავლების ხარისხზე მძლავრი რეპეტიტორთა ინსტიტუტიც მეტყველებს, დისციპლინაზე - არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულები, კიდევ სხვა პრობლემაა მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთობები. რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს, თუმცა, საბედნიეროდ, კარგი მასწავლებლები ჯერ კიდევაა სკოლაში. მართალია, ვარდების რევოლუციით მოსულმა მთავრობამ რეფორმის „მსახვრალი" ხელი პირველად სკოლისაკენ გაიშვირა, მაგრამ გარკვეული პერიოდი უკვე გავიდა და რეალურად და, საერთოდ, ზოგადად არაფერი შეცვლილა. ინტეგრირებული გაკვეთილების სახელით ისეთი ამბავია და ისეთი ხმაური, რომ შემთხვევით სკოლაში სტუმრად მისულს შუა გაკვეთილზე დასვენება გეგონება. მთავარი ისაა, რომ სკოლაში თანმიმდევრული და ერთიანი სასწავლო პოლიტიკა არ არსებობს, მასწავლებელთა ერთი ნაწილი თვითონაც თავისუფალია და მოსწავლეებიც პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით დაფრინავენ გაკვეთილებზე. სკოლას ისეთებიც შემორჩა, კეტით ხელში ბუზების გაფრენის ხმას რომ დარაჯობენ და ისეთებიც, ინტეგრირებული გაკვეთილის გარეშეც რომ არ უჭირდათ ბავშვებთან ინტეგრაცია. ახლა სკოლა კიდევ ორი სიახლისთვის ემზადება: მასწავლებლების სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის და კიდევ, მარტივად რომ ვთქვა, პოლიციასთან მეგობრობისთვის. სერთიფიცირების ჟამი დადგა და მასწავლებელთა აზრი კიდევ ორად გაიყო, ერთნი - თავდაჯერებულად ამბობენ: „წინასწარ მოსამზადებელი არაფერია, რადგან ყველაფერი „ალილუიასავით" აქვთ შესისხლხორცებული." ნაკლებად თავდაჯერებულები, უფრო - ჰუმანიტარები, ზოგად უნარ-ჩვევებს ეჭვის თვალით უყურებენ, სტაჟიანი და პრაქტიკოსი მასწავლებლები კი ამბობენ, რომ ტესტირებები საჭირო არ იყო, ხოლო ძალიან ბევრი ადამიანი სასერტიფიკაციო გამოცდებზე დიდ იმედებს ამყარებს, რადგან ასე „ნანატრი" სამსახურის შოვნას აპირებს. თუმცა, თუ სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მომავალში არცერთ აბიტურიენტსა და სტუდენტს არ სურს, მასწავლებლის პროფესიას დაეუფლოს. შეიძლება, ძალიან მალე სახელმწიფოს მასწავლებლობის სურვილის გასაჩენად წამახალისებელი ღონისძიებების მოფიქრებაც კი დასჭირდეს. სკოლაში კონტროლიც მკაცრდება - თუმცა, ამ ყველაფერს პოლიციური ელფერი აქვს: განათლების სისტემას ყოფილი გენპროკურორი ნიკა გვარამია განაგებს, თან შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმაც საახალწლოდ დარიგებული სიმბოლური საჩუქრებით თითოეულ მასწავლებელთან დამეგობრების ხიდი გადო... სკოლაში „კუკარაჩებიც" - (უბნის ინსპექტორები) გამოჩნდებიან, ვიდეოთვალი დამონტაჟდება და თუ ამდენ ხანს მხოლოდ დიდებს გვქონდა იმის შეგრძნება, რომ ჩვენს ტელეფონებს უსმენენ და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ვართ, ახლა უკვე პატარები და მოზარდებიც თვალთვალის ქვეშ ჩამოყალიბდებიან. შეიძლება, სკოლებში იდეალურთან მიახლოებული წესრიგი დამყარდეს, მაგრამ რა გავლენას მოახდენს მუდმივი თვალთვალი მოზარდების ფსიქიკაზე, ამაზე არავინ ფიქრობს. რეფორმები კარგია, განათლების სისტემაში - აუცილებელიც. თუმცა, საბოლოო ჯამში, შეიძლება, ვიდეოკამერით ზომბირებული თაობა მივიღოთ.
მაკა ჩინიჯიშვილი
|
| < წინა | შემდეგი > |
|---|

| ტელეპროგრამა |
| ანეკდოტები |
| იყიდება |
| ავტო ბაზრობა |