ოტია იოსელიანის ფრანგი სტუმრის თვალით დანახული საქართველო
„სტუმრის მიღებაზე უკეთესი საქმე არ არსებობს!" - ეს ოტია იოსელიანისთვის დაუწერელი კანონია. ამიტომაც მიატოვა 11 მარტს ვენახში საგაზაფხულო სამუშაო და შორით მობრძანებულს დაუზარებლად აჰყვა გვიშტიბში, ხოლო იქიდან კვლავ წყალტუბოში, ხელოვნების ქუჩის ნომერ პირველში, თავის მშვენიერ სახლთან მოაქროლა მანქანით.
მისი სტუმარი, მარტინ ფრანკი, ცნობილი ფოტოხელოვანი გახლავთ და მსოფლიო კინოს გამოჩენილი მაესტროს, ოთარ იოსელიანის უახლოეს ფრანგ მეგობართაგან - ერთ-ერთი. მრავალი წიგნისა და ალბომის ავტორი, გამოკვეთილი ხელწერის მქონე ხელოვანი, ძირითადად, შავ-თეთრ ფოტოგრაფიაში მუშაობს. აქვს ღრმაშინაარსიანი მხატვრული სურათები, კულტურის გამოჩენილ მოღვაწეთა პორტრეტები, მსოფლიოს მრავალ კუთხეში გადაღებული ფოტოსერიები, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ტიბეტელ ლტოლვილთა თემა. ერთ-ერთ ბოლოდროინდელ წიგნში, რომელიც მარტინ ფრანკმა თან ჩამოიტანა, თავმოყრილია სხვადასხვა პერიოდის საუკეთესო ფოტოები.
მარტინ ფრანკი, ფოტოგადაღებების პარალელურად, ხელმძღვანელობს აწგარდაცვლილ მეუღლესთან, ანრი კარტიე - ბრესონთან ერთად დაარსებულ ფონდს. მისი მეუღლე კი თანამედროვეთაგან „ფრანგული ფოტოგრაფიის მეუფედ" და „XXI საუკუნის ფოტოგრაფიის მამად" შერაცხული ხელოვანი გახლდათ, რომლის შემოქმედებას გვერდს ვერ აუვლის მსოფლიო ფოტოგრაფიის ვერცერთი ანთოლოგია და სახელმძღვანელო.
მარტინ ფრანკმა სოფელ გვიშტიბის ხედები, სკოლა და ეკლესია გადაიღო. როგორც ბატონი ოტიასაგან შევიტყვეთ, სკოლა, თურმე, ოთარ იოსელიანის წინაპრების ეზოში დგას და შენობის ძველი ნაწილი რეჟისორის მამა-პაპური სახლია. გვიშტიბთან ყოფილა დაკავშირებული მისი ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის - „გიორგობისთვის" გადაღებაც (ამაზე - ქვემოთ).
ფრანგ სტუმართან ჩვენი სახელდახელო ინტერვიუ ბატონი ოტია იოსელიანის მონაწილეობით და ქართველი თარჯიმნის დახმარებით შედგა მწერლის სასტუმრო დარბაზში. ასე რომ, დაახლოებით, ასეთი საუბარი გამოგვივიდა...
- როგორც მითხრეს, საქართველოში პირველად 1972 წელს ჩამობრძანებულხართ. ქალბატონო ფრანკ, რა ცვლილებებს ამჩნევთ ქვეყანაში თქვენი პირველი ვიზიტის შემდგომ?
ბ-ნი ოტია (მკაცრად მომმართავს): სტუმარს ამას რავა ეკითხები! რაფრა გითხრას, დამხობილი ხარო. დაქცეული როა ქვეყანა, ამჩნევს, კი.
მ.ფ.: საქართველოში ბევრი სიახლეა. პირველ რიგში, ის შევნიშნე, რომ ახალგაზრდა ქართველ მამაკაცებს ულვაში აღარა აქვთ. მაშინ კი, ულვაშს თითქმის ყველა ატარებდა.
ბ-ნი ოტია (საერთო სიცილში): ო, კარგია, კარგია! მომეწონა! იმიტომ, რომე, ულვაში სინდისის ნიშანია და არ გვაქვს ახლა სინდისი და ულვაშიც არ გვაქვს!
მ.ფ. (ღიმილით): მე ეგ არ მითქვამს.
ბ-ნი ოტია (ჩემი მისამართით): არა, არა, მაგან ზუსტად შენიშნა! მაგი იგულისხმებოდა სწორედ ქვეტექსტში! ვერ გასწავლეთ მე თქვენ წერა-კითხვა და აზრის გამოტანა: რაც ქვეტექსტშია, ის უნდა ამოიკითხო, თორემ ზევით რა დევს, ამას ყველა ქე კითხულობს.
- რამდენად საინტერესოა საქართველო, აქაური გარემო, ჩვენი ადამიანები თქვენი ფოტოობიექტივისათვის?
მ.ფ.: რა თქმა უნდა, საინტერესოა. ამიტომაც დავბრუნდი მრავალი წლის შემდეგ საქართველოში. ჩემი ერთ-ერთი სურვილი ისიც იყო, ამ დაბრუნებისას მეცადა ოთარის მეგობრების მოძებნა. 72-ში, როცა აქ ჩამოვედი, ფაქტობრივად, ოთარი ერთადერთი ქართველი გახლდათ, რომელიც გავიცანი და დავმეგობრდით. მის გარდა ვიცნობდი მხოლოდ სერგი წულაძეს.
ბ-ნი ოტია: ვინც ფრანგულად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი". ფსიქიატრი იყო, სხვათაშორის.
მ.ფ.: რამდენადაც მახსოვს, როცა 1972 წელს ვიმყოფებოდი საქართველოში, სტუმრად არსად დავდიოდი. ვფიქრობ, მაშინ ცოტა საშიშიც კი იყო ოჯახებისათვის უცხოელების სტუმრად მიღება.
ბ-ნი ოტია: კი, ბატონო, ჭეშმარიტად!
მ.ფ.: იმიტომ, რომ მაშინდელი ჩვენი მოგზაურობა ორგანიზებული იყო „ინტურისტის" მიერ, გვქონდა მკაცრად განსაზღვრული პროგრამა და ჩვენ იძულებული ვიყავით, ამ პროგრამას ზედმიწევნით მივყოლოდით. მაშინ, რა თქმა უნდა, ოთარი ამ პროგრამაში არ იყო ჩართული, რაოდენ ძნელი წარმოსადგენიც არ უნდა იყოს დღეს ეს! ოთარის ნახვის ერთადერთი საშუალება მხოლოდ დილით გვქონდა, სულ მცირე ხნით, სანამ ექსკურსიებსა და ოფიციალურად დაგეგმილ შეხვედრებზე წაგვიყვანდნენ.
ახლა კი ჩემი ყველაზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება სწორედ ისაა, რომ მრავალ საოცარ ოჯახში დავდივარ სტუმრად და, სადაც არ უნდა მივიდე, ყველა ძალიან კარგად მიღებს.
ბ-ნი ოტია: არ მიგიშობდენ, თორემ მაშინაც ქე მიგიღებდენ.
- მაშასადამე, ბატონ ოთარ იოსელიანთან 1972 წლის შემდეგ მეგობრობთ?
მ.ფ.: დიახ, დიახ.
- როგორია თქვენი, ანუ ფრანგის, თვალით დანახული კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი?
მ.ფ.: რა თქმა უნდა, საფრანგეთში იგი ძალიან დაფასებულია. ბუნებრივია, ოთარი არ არის დიდი პუბლიკის რეჟისორი, იგი ყოველთვის აკეთებს იმ კინოს, რომელიც მას უნდა და მას მოსწონს, ის ძალზე სუბიექტური კინემატოგრაფია, ნამდვილი კინემატოგრაფი! და ვიმეორებ, ნამდვილად ძალზე დაფასებული შემოქმედია. ის არის ავტორი, რომელსაც თავისი მკვეთრად გამოხატული სტილი და ხელწერა აქვს!
- მისი რომელი ფილმი მოგწონთ განსაკუთრებულად?
მ.ფ.: „იყო შაშვი მგალობელი". უნდა გითხრათ, რომ ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდი, მისი ფილმები, საგანგებოდ, კიდევ ერთხელ ვნახე. საფრანგეთში ახლახან გამოვიდა ოთარ იოსელიანის ფილმების მთლიანი კრებული და შესაძლებელია, რომ ყველაფერი საფუძვლიანად ნახო.
ბ-ნი ოტია: სხვათაშორის, „გიორგობისთვის" პირველი კადრები, ნახევარზე მეტი, გვიშტიბშია გადაღებული. ჩვენ იქ ვიყავით ახლა, სადაც იღებდა ოთარი ამ ფილმს. ხოდა, რა ქვიან, ჩამოვიდა მაშინ ოთარი, ჩამოიყვანა სოფელში მთელი სტუდია. ბაბუამისს კი იცნობდენ, მარა მაგას კაცი აღარ იცნობდა მაშინ. მითხრა, შემიკრიბე აქანე ხალხიო, შენ იციო ყველაფერიო და დევიწყეთ გადაღება. ჯერ ბობოხიძის ეზოში ვიღებდით, მერე კიდო - კუჭავას ეზოში (ახლაც გვინდოდა, ის სახლები გვენახა, მარა საღადაა უკვე!). ხოდა, მაშინ გეიმართა მანდ სუფრები, მაგენმა გაშალეს და... როგორ გინდა, ბიჭო-მეთქი, ვეკითხები ოთარს. არაფერი, იყოს ისე, როგორც უქნიათო. ეგ ხომ არაფერს გამოიგონებს: იღებს ზუსტ ცხოვრებას! რამდენიმე დღე ვმუშაობდით... ფილმი გვიშტიბლებით არის სავსე, მამიდაჩემიც არის იმაში. მერე, ერთი ხანი, ფილმი კი აკრძალეს, შეიქნა ერთი ამბავი, 49 რომ იყო კასრზე მიწერილი: 49 წლისთავი იყო მაშინ რევოლუციის... და ამან ჯვარი გაუკეთა!
მ.ფ.: როცა საქართველოში ჩამოსვლა დავაპირე, ოთარს ვკითხე, შენ რას მირჩევ, ვის შევხვდე-მეთქი და - პირველ რიგში, ოტია იოსელიანსო. მაგრამ, რაკი ზამთარში მოვდიოდი, არ გახლდით დარწმუნებული, შეძლებდით თუ არა თქვენ ჩემს მიღებას.
ბ-ნი ოტია: სტუმარზე უკეთესი საქმე არა გვაქვს ჩვენ.
- საინტერესოა, რომ ბატონმა ოთარმა უპირველეს მასპინძლად ჩვენი გამოჩენილი მწერალი ოტია იოსელიანი შეგირჩიათ. ის ხომ იშვიათი გამონაკლისია ქართველთაგან: არ უყვარს სტუმრის წინაშე ზედმეტი თავმომწონეობა, მუდამ მწარე სიმართლეს ამბობს, შეულამაზებელ საქართველოს დაგანახებთ...
მ.ფ.: მე ვფიქრობ, სწორედ ამას აფასებს ოთარი.
ოტია იოსელიანს პომპეზური სუფრა არ გაუშლია, ლიტერატურაზე, კინოზე, ფრანგულ-ქართულ კულტურულ ურთიერთობებსა და სხვა თემებზე საუბრისას, შინაურულად დაიპატიჟა სტუმარი იმერულ ფხალზე, ხაჭაპურზე, მჭადსა და ყველზე - ჭიქა „უსახელოურის" თანხლებით.
ვფიქრობ, ქალბატონი ფრანკი, ყველაზე მეტად, სწორედ ამ თბილმა გარემომ და გულწრფელობამ მოხიბლა.
ნანული ცხვედიანი
წყარო: „P.S.“
სტატიზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
|